ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთის მხრიდან ფაქტობრივ სამხედრო კაპიტულაციას ნიშნავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთის მხრიდან ფაქტობრივ სამხედრო კაპიტულაციას ნიშნავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს განცხადება ვიდეოკონფერენციის ფორმატში იყო ხელმოწერილი. პირველ ეტაპზე, სამი ქვეყნის ხელმძღვანელებს ხელი უნდა მოეწერათ შეთანხმებაზე. თუმცა, ბოლო მომენტში ნიკოლ ფაშინიანმა უარი განაცხადა ამის გაკეთებაზე.
ეს შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც სომხეთის ფაქტობრივი სამხედრო კაპიტულაცია. ამიტომაც, რუსეთის პრეზიდენტმა და მე ამ შეთანხმებას ხელი ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოვაწერეთ. შეთანხმება რუსულ ენაზეა შედგენილი. აქ არის ჩემი ხელმოწერა, რომელიც ხელმოწერის შემდგომ გადაეცა რუსეთის ელჩს. რუსეთის პირველი პირი და სომხეთი ხელს მოაწერენ ამ დოკუმენტს.
კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ამ ქცევის გაგება შეიძლება. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს. ყველა ადამიანმა მისთვის და მისი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც საკუთარ თავს პატივი უნდა სცეს. ფაშინიანი ამის გარეშეც მოაწერს ხელს. ჩვენ ის ვაიძულეთ. ის შეშინებული, რომელიღაც დაკეტილ ადგილზე, კამერებისგან შორს მოაწერს ხელს. ის ხელს საკუთარი ნებით არ მოაწერს. მას ხელის მოწერა რკინის მუშტის ქვეშ მოუწევს“, – განაცხადა ალიევმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.
უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.