იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ტელეკომპანია „ენეიჩკეის“ ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 15 ადამიანი, 212-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ქვეყნის მასშტაბით სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში იაპონიის თავდაცვის ძალების, სახანძრო დაცვის, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების 110 000 თანამშრომელი მონაწილეობს.

ძლიერმა ტაიფუნმა იაპონიას 12-13 ოქტომბერს გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 40 მეტრს აღწევდა. სტიქიას თან ახლდა ძლიერი წვიმა, ტიბას პრეფექტურაში კი ტაიფუნთან ერთად ტორნადოც წარმოიქმნა.

ტაიფუნის გამო ქვეყნის 47 მდინარეზე დამცავი კაშხლები დაზიანდა. ტაიფუნის შედეგად 10 000 სახლი დაიტბორა და მეწყრული ზონები 100-ზე მეტ ადგილას გააქტიურდა. ელექტროენერგიის გარეშე 34 000 ადამიანია დარჩენილი, სასმელი წყალი კი 133 000 ოჯახს არ მიეწოდება.