იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. 15 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ტაიფუნი „ჰაგიბისი“ ტოკიოს, ასევე იაპონიის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს 12 ოქტომბერს დაატყდა თავს. აღნიშნულ რეგიონებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩასართავად იაპონიის თავდაცვის ძალების 27 ათასი წევრია გაგზავნილი.

სტიქიის შედეგად ყველაზე რთული მდგომარეობა ნაგანოში შეიქმნა, სადაც მდინარის ნაპირსამაგრები ჩამოინგრა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში წყლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს.

ტაიფუნის გამო ამ დრომდე შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. გადაიდო ათასზე მეტი ავიარეისი. ნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო, შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია.

ამჟამად ტაიფუნმა კვლავ ზღვისკენ გადაინაცვლა და კუნძულ ჰოკაიდოსკენ მიემართება.