იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია ოთხ მილიონზე მეტ ადამიანზე გაიცა
იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაციის რეკომენდაცია ოთხ მილიონზე მეტ ადამიანზე გაიცა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო ევაკუაციის რეკომენდაცია ოთხ მილიონზე მეტ ადამიანზე გაიცა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

სტიქიის შედეგად, 50 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ დროისთვის დახურულია ტოკიოს ორი აეროპორტი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ მაღაზიების და ქარხნების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო. რეგიონში საფრთხის მეხუთე, უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

როგორც ადგილობრივი სინოპტიკოსები იუწყებიან, ტაიფუნი მთელი ძალით რეგიონს უახლოეს საათებში დაატყდება თავს. ის ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იქნება. თუმცა, სტიქიის მოახლოებამ იაპონიაში მსხვერპლი უკვე გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

ტაიფუნის გამო, იაპონიაში 12 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ გაიმართება.

იაპონიაში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორმა ტოკიოში ვიდეო და ფოტომასალა გადაიღო. ამ დროისათვის, ტოკიოში ძლიერი ქარია და წვიმს.