იაპონიაში ტაიფუნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ტოკიოს აღმოსავლეთ ნაწილში 40 წლის მამაკაცი ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ქარის გამო ავტომობილი ამოტრიალდა. მიყენებული დაზიანებები კი, ფატალური აღმოჩნდა.

გარდა ამისა, კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა ამავე, ტიბის პრეფექტურაში.  „როიტერი“ ცნობით, ამის მიზეზი ძლიერი ქარის დროს სახლებისთვის სახურავების ახდა იყო, რომლებიც ადგილობრივებს დაეცათ.

ვარაუდობენ, რომ ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიას მთელი ძალით 12 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ეს ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტაიფუნი იქნება, რომელიც ძლიერ წვიმასა და ქარს გამოიწვევს. არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის მაღალი რისკი.

სწორედ ამიტომ სტიქიის ზონაში ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. საერთო ჯამში ევაკუაციის განკარგულება ასობით ათას ადამიანს შეეხო. პარალელურად, 16 ათასამდე მოსახლეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, დაიხურა მაღაზიები და ქარხნები, გადაიდო 1600-მდე ავიარეისი.

ტაიფუნის გამო, იაპონიაში 12 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ გაიმართება.

იაპონიაში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორმა ტოკიოში ვიდეო და ფოტომასალა გადაიღო. ამ დროისათვის, ტოკიოში ძლიერი ქარია და წვიმს.

დატოვე კომენტარი