მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, იაპონიაში 12 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ გაიმართება
მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, იაპონიაში 12 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ გაიმართება

იაპონია 2019-ის ფარგლებში გასამართი ორი შეხვედრა – B ჯგუფის დაპირისპირება ახალ ზელანდიასა და იტალიას შორის და C ჯგუფის მატჩი საფრანგეთსა და ინგლისს შორის, აღარ გაიმართება. ინფორმაცია რაგბის საერთაშორისო მმართველი ორგანოს, „მსოფლიო რაგბის“ ვებგვერდმა გაავრცელა.

ინფორმაციის თანახმად, „ჰაგიბისი“ 2019 წლის ყველაზე ძლიერი ტაიფუნია და დიდი ალბათობით, ტოკიოში, იოკოჰამაში და ტოიოტაში შაბათს გასამართ მატჩებს ხელს შეუშლის.

შაბათს დაგეგმილი მატჩებიდან მხოლოდ ირლანდია-სამოა გაიმართება – სწორედ ის დაპირისპირება, რომლის გადადებაზეც პრესაში ყველაზე მეტი იწერებოდა.

ორი მატჩის გადადების გადაწყვეტილების მიზეზად სპორტსმენებისა და რაგბის გულშემატკივრების უსაფრთხოება სახელდება.

ამასთან, როგორც რაგბის საერთაშორისო მმართველი ორგანოს ინფორმაციაშია აღნიშნული, იმ თამაშებისთვის, რომლებიც აღარ გაიმართება, გუნდები ორ სატურნირო ქულას მიიღებენ, ხოლო შედეგად ფრე – 0:0 დაფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველო-ავსტრალიის მატჩს, შეხვედრა პარასკევს, შიზუოკაში, დაგეგმილ დროს შედგება.

„მსოფლიო რაგბი“ ოფიციალურ განცხადებაში კვირას გასამართ თამაშებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია ამ შეხვედრების გასამართად ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს.