იაპონიამ ოფიციალურად თქვა უარი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. ტურნირი 2021 წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ Sky Sports იტყობინება.
იაპონიის მთავრობამ შეაფასა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობა, რის გამოც კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის იაპონიაში ჩატარება შეუძლებელი გახდა.
უკანასკნელად იაპონიაში ტურნირი 2016 წელს ჩატარდა. იაპონელებს სურდათ ჩემპიონატის ორგანიზება, რადგან 2021 წელს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია თავის 100 წლისთავს აღნიშნავს.
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატში ევროპიდან მონაწილეობას მიიღებს „ჩელსი“ – როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, აგრეთვე, ეგვიპტის „ალ-აჰლი“ და ზელანდიის „ოკლენდ-სიტი“. სხვა კონფედერაციების ჩემპიონები ჯერ ცნობილი არ არის.
ახალ მასპინძელ ქვეყანას ფიფა მოგვიანებით დაასახელებს.