ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა „კოლამბუსის“ მეკარე სერგეი ბობროვსკი. გასულ კვირას მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე მოიგო. მას მეტოქეებმა 134-ჯერ დაურტყეს და რუსმა 130 შაიბა მოიგერია. ბობროვსკი საშუალოდ მატჩში ზუსტად ერთ შაიბას უშვებდა და დარტყმების 97 პროცენტს იგერიებდა. ოთხიდან ორ მატჩში მან „შათაუტის“ შესრულება შეძლო.
კვირის მეორე ვარსკვლავია „ტორონტოს“ მცველი მორგან რაილი. ოთხ მატჩში მან ცხრა ქულა დააგროვა – სამი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა, ხოლო ეფექტურობის კოეფიციენტმა +10 შეადგინა.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო „ტამპა ბეის“ ფორვარდ ნიკიტა კუჩეროვს, რომელმაც სამ მატჩში ცხრა ქულა აიღო – ორი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა.