ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
პირველი ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ბოსტონის“ ფორვარდმა ბრედ მარშანმა. მის ანგარიშზე სამ მატჩში რვა ქულა იყო – 3 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა. ამ რვა ქულიდან ხუთი ერთ მატჩზე მოდის – „რეინჯერსთან“ ანგარიშით 7:4 მოგებულ მატჩში, მარშანმა ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ეს მისი მეხუთე ხუთქულიანი მატჩი იყო კარიერაში. აღსანიშნავია, რომ მარშანი 12 ოქტომბრიდან მოყოლებული, უქულოდ არ ტოვებს მოედანს – ეს სერია შვიდ მატჩს მოიცავს.
კვირის მეორე ვარსკვლავია „ნეშვილის“ მცველი რომან იოზი. მან სამ მატჩში ექვსი ქულა დააგროვა – ორი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა. შვეიცარიელს ჩემპიონატში 13 ქულა (5+8) აქვს და მეორე ადგილზეა შედეგიანობით მცველებს შორის.
მესამე ვარსკვლავად დასახელდა „ფილადელფიას“ მეკარე ბრაიან ელიოტი, რომელმაც სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 2.02 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 93.3 პროცენტი მოიგერია.