ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
პირველი კვირის ვარსკვლავი გახდა „ედმონტონის” ფორვარდი ლეონ დრაიზაიტლი, რომელმაც სამ მატჩში რვა ქულა (2+6) დააგროვა. ამგვარი შედეგიანობით, 24 წლის გერმანელმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა ბომბარდირთა სიაში – მას 52 მატჩში 83 ქულა (29+54) აქვს.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ტამპა ბეის” ფორვარდმა სტივენ სტემკოსმა. ის ლიგის ლიდერი იყო გატანილი გოლების რაოდენობით (5), სულ კი ოთხ მატჩში რვა ქულა (5+3) დააგროვა. კანადელმა ზედიზედ მე-11 სეზონში გადააბიჯა 20-შაიბიან ზღვარს. 14 იანვრიდან მოყოლებული, სტემკოსი უგოლოდ არ ტოვებს მოედანს – მის ანგარიშზე ამ სერიისას 12 ქულა (6+6) მოდის.
კვირის მესამე ვარსკვლავია „ვანკუვერის” ფორვარდი ჯეი თი მილერი. მის ანგარიშზე ოთხ მატჩში შვიდი ქულაა (3+4).