„ჰიუსტონმა“ რასელ ვესტბრუკი ჯონ უოლში გაცვალა
„ჰიუსტონმა“ რასელ ვესტბრუკი ჯონ უოლში გაცვალა

NBA-ს სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ლიგაში დიდი გაცვლა განხორციელდა. „ჰიუსტონ როკეტსმა“ რასელ ვესტბრუკი ჯონ უოლში გაცვალა.

თავიდან ეს ინფორმაცია ESPN-ის ჟურნალისტმა გაავრცელა, შემდგომ კი ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„მაშინ როცა ჩვენი გუნდის გრძელვადიან მომავალს ვუყურებთ, რასელის კალიბრის კალათბურთელის ყოფნა გუნდში არის ისეთი რამ რასაც ხელიდან ვერ გავუშვებდით“, – განაცხადა „ვიზარდსის“ გენერალურმა მენეჯერმა ტომი შეფარდმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯონ უოლის მსგავსი კალათბურთელის გაშვება, რომელიც ფრანშიზის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ძალიან რთული იყო.

შეგახსენებთ, რომ „როკეტსმავესტბრუკი იმის იმედად დაიმატა, რომ ის აღმოჩნდებოდა კალათბურთელი, რომელიც ბოლომდე შეავსებდა გუნდს და პირველად მოაგებინებდა ტიტულს 1995 წლის შემდეგ. მაგრამ რასელმა იმედები ვერ გაამართლა და „ჰიუსტონი“ კონფერენციის ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონთან „ლეიკერსთან“ დამარცხდა.

32 წლის კალათბურთელის პოტენციალი, რა თქმა უნდა, უსაზღვროა, მაგრამ მას კარგი სეზონი 2017 წლის შემდგომ არ ჰქონია.

ვესტბრუკი 2017 წელს ლიგის MVP-დ აღიარეს, მან 9-ჯერ მიიღო მონაწილეობა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში (All Star). ყველაზე ახლოს ტიტულის მოგებასთან კი 2012 წელს იყო, როცა ლებრონ ჯეიმსის „მაიამმა“ სუპერფინალში დაამარცხა.

რაც შეეხება უოლს, 30 წლის კალათბურთელი კიდევ ერთი ექსპერიმენტი იქნება „როკეტსისთვის“. ის ერთხელაც არ არის ნამყოფი კონფერენციის ნახევარფინალში, ბოლო დროს კი ტრავმების გამო ხშირად უწევდა თამაშების გამოტოვება.

ჯონ უოლი „ვიზარდში“ ყოფნის პერიოდში გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი და ბრედლი ბილის დუეტი კი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეგახსენებთ, რომ NBA გულშემატკივრებს 12 დეკემბერს წინასასეზონო მატჩებით, ხოლო 23 დეკემბერს კი რეგულარული სეზონით დაუბრუნდება.