ისტორია დაიწერა - ვესტბრუკმა 182-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და ოსკარ რობერტსონს გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორია დაიწერა - ვესტბრუკმა 182-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და ოსკარ რობერტსონს გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT

რასელ ვესტბრუკმა „ატლანტა ჰოუკსის“ წინააღმდეგ კარიერაში 182-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ აქამდე რეკორდი ლეგენდარულ კალათბურთელს, ოსკარ რობერტსონს ეკუთვნოდა, რომელსაც კარიერაში 181 სამმაგი დუბლი ჰქონდა დაგროვებული. რასმა „ატლანტასთან“ წაგებულ შეხვედრაში (124:125) 28 ქულა, 13 მოხსნა და 21 პასი მიითვალა.

„ძალიან დიდ დროს დებ ამ თამაშისთვის და ბევრ რამეს წირავ, რომ მოხვდე ისეთი ადამიანების გვერდით, როგორებიც არიან ოსკარ რობერტსონი, მეჯიქ ჯონსონი და ჯეისონ კიდი. ესენი არიან ადამიანები, რომელთა გვერდში ყოფნასაც ვერც კი ვიოცნებებდი, როცა ლოს-ანჯელესში ვიზრდებოდი“, – განაცხადა ვესტბრუკმა მატჩის შემდეგ.

დიდების დარბაზის წევრმა, ოსკარ რობერტსონმა კარიერა 1974 წელს დაასრულა. ბოლო სამმაგი დუბლი კი მან სწორედ ამ წლის 24 მარტს გაიფორმა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 14 სეზონი ჩაატარა და ის საშუალოდ 25.7 ქულას, 7.5 მოხსნას და 9.5 პასს აკეთებდა. რასელ ვესტბრუკმა რობერტსონის რეკორდის მოხსნა 13 სეზონში მოახერხა.