სტეფ კარიმ 2021-22 წლების სეზონში ყველაზე მეტი გამოიმუშავა #1TVSPORT
სტეფ კარიმ 2021-22 წლების სეზონში ყველაზე მეტი გამოიმუშავა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2021-22 წლების სეზონი დასრულდა და ESPN-მა განვლილი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების TOP10 შეადგინა…

 

8-10. დემიან ლილარდი (პორტლენდი)

„პორტლენდმა“ მე-13 ადგილზე დაასრულა დასავლეთი კონფერენცია, რასაც ხელი არ შეუშლია ლილარდისთვის მიეღო 39 344 900 დოლარი.

8-10. იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)

„მილუოკიმ“ აღმოსავლეთის ნახევარფინალამდე მიაღწია, გუნდის ლიდერმა კი 39 344 900 გამოიმუშავა.

8-10. კავაი ლეონარდი (კლიპერსი)

2021 წლის ზაფხულში ლეონარდმა ჯვარედინ მყესებზე ოპერაცია გადაიტანა და მთელი სეზონი გამოტოვა, მაგრამ მაინც მოხვდა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორის: 39 344 900 დოლარი.

7. პოლ ჯორჯი (კლიპერსი)

„კლიპერსმა“ ვერ გაიარა პლი ინის ბარიერი, მისმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოთამაშემ კი 39 344 970 დოლარი მიიღო.

6. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)

„ლეიკერსმა“ მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა დასავლეთში, ლებრონმა კი კონტრაქტით 41 180 544 დოლარი გამოიმუშავა.

5. კევინ დურანტი (ბრუკლინი)

„ბრუკლინმა“ პლეი ოფის პირველივე რაუნდში წააგო მომავალ ფინალისტთან „ბოსტონთან“. დურანტის ხელფასმა 42 018 900 დოლარი შეადგინა.

4. რასელ უესტბრუკი (ლეიკერსი)

„ლეიკერსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელს უსახური სეზონის სანაცვლოდ 44 211 146 დოლარი ერგო.

2-3. ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია)

„ფილადელფიამ“ ვერ გაიარა კონფერენციის ნახევარფინალის ბარიერი, ჰარდენმა კი 44 310 840 დოლარი მიიღო.

2-3. ჯონ უოლი (ჰიუსტონი)

ასეთივე თანხა გამოიმუშავა „ჰიუსტონის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადმა კალათბურთელმა, თანაც ისე, რომ სეზონში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

1. სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი)

NBA-ის ჩემპიონი და ფინალური სერიის MVP სამართლიანად ლიდერობს რეიტინგს. დასრულებულ სეზონში კარიმ 45 780 966 დოლარი გამოიმუშავა.