გურამ მაჭარაშვილი - ცუდი და სამწუხაროა, ვინმეს კუბილიუსი საქართველოს უფროსი თუ ჰგონია
ცუდი და სამწუხაროა, ვინმეს კუბილიუსი საქართველოს უფროსი თუ ჰგონია, – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ძალიან სამწუხაროა, როცა საქართველოს საზოგადოება ევროპარლამენტარების მცირე ნაწილი ევროპულ ღირებულებებს სხვანაირად და სხვაგვარად დაანახებს ხოლმე.
„მაგალითად, კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ მართალია, ევროკავშირი შეიქმნა სუვერენული სახელმწიფოების პრინციპის საფუძველზე, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები რასაც ვიტყვით, ის ხელისუფლება უნდა აირჩიოთ და არა ის, ვინც თქვენ გინდათ, ეს არის ევროპული ღირებულებაო. კუბილიუსისთვის ევროპული ღირებულება და სუვერენიტეტი სხვანაირია, როცა ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების დამცველი. მისთვის ეს არის ევროპული ღირებულებები.
ქართულმა საზოგადოებამ იცის, რა ნიშნავს ევროკავშირი, რომელიც სწორედ სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებით შეიქმნა. ცუდი და სამწუხარო რა არის, იცით? – თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო. არ უყურებთ ისე, რომ ევროპარლამენტარები არიან ევროკავშირის ანუ თავისუფალი სუვერენული ქვეყნების გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვინდა მეგობრობა. როგორ გგონიათ, რუსეთის ფედერაციასთან რატომ გვაქვს პრობლემა? – იმიტომ, რომ ჩვენს სუვერენულ საქმეებში ერევიან და ერეოდნენ. თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, იმიტომ რომ ისინი ერევიან სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს არის მიუღებელი“, – მიმართა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.
ევროპარლამენტარებმა – ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.