გორში ან ქუთაისში - ქალთა გუნდი „ლანჩხუთი“ შვედებთან გასამართი მატჩის ადგილს უახლოეს დღეებში შეარჩევს
ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გასული ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ შვედეთის „როსენგარდს“ დაუპირისპირდება. თუმცა ჯერ უცნობია, ქართული გუნდი რომელ ქალაქში მიიღებს შვედებს.
არც ზუსტი თარიღია ცნობილი: საშინაო შეხვედრას გურულები 9 ან 10 დეკემბერს გამართავენ, სტუმრად – 15 ან 16 დეკემბერს. როგორც კლუბში გვითხრეს, თამაშების დაწყების ზუსტი დრო 5 დღით ადრე გაირკვევა.
რაც შეეხება მასპინძელ ქალაქს, არის ორი ვერიანტი: ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ 1/16 ფინალში შვედებს უმასპინძლებს ან ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ან გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.