უეფა-მ ქალთა მეორე შეჯიბრება დააფუძნა, საქართველო ევროტურნირზე ორი გუნდით ითამაშებს #1TVSPORT
2025/26 წლების სეზონიდან საქართველოს უეფა-ს ქალთა საკლუბო ტურნირზე, ერთის ნაცვლად, ორი კლუბი ეყოლება.
უეფა-მ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა და მეორე ევროპული ქალთა საკლუბო შეჯიბრების დაფუძნება გადაწყვიტა. 2025/26 წლების სეზონიდან დაწყებული, ერთიანი ლიგა ჩაანაცვლებს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს, ხოლო ევროპის თასი ქალთა კლუბებს ევროპაში თამაშის მეტ შანსს მისცემს.
რეფორმა კონსულტაციის და თანამშრომლობის შედეგია ევროპის საკლუბო ასოციაციასთან (AEK). ორივე ტურნირი შემუშავებული იყო კონკურენციის ასამაღლებლად და მონაწილეთა რაოდენობის მაქსიმალურად გასაზრდელად.
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი 2025/26 წლების სეზონიდან დაინერგება და, ჯგუფური ეტაპის ნაცვლად, ერთიანი ლიგა შეიქმნება. მასში 18 გუნდი ითამაშებს, ორით მეტი ვიდრე კაცების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. რეფორმა საშუალებას მისცემს ტოპ-გუნდებს, უფრო ხშირად ითამაშონ მეტოქეთა ფართო სპექტრის წინააღმდეგ.
უეფა ასევე მოაწყობს ქალთა მეორე საკლუბო ტურნირს, რომელიც ასევე პლეიოფის ფორმატით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას კიდევ უფრო მეტი გუნდი მიიღებს, ხოლო ქალთა ჩემპიონთა ლიგის ადრეული ეტაპიდან გამოთიშული ზოგიერთი გუნდი ევროტურნირებზე თამაშის მეორე შანსს მიიღებს.
„ევროპული ქალთა საკლუბო ფეხბურთის დონის ზრდის პროცესში ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მოუთმენლად ველით. ქალთა მეორე ევროპული ტურნირი წაახალისებს ეროვნულ დონეზე ქალთა ფეხბურთის განვითარებას და ძლიერი, ინკლუზიური ევროპული საფეხბურთო პირამიდის აშენებაში დაგვეხმარება“, – ამბობს უეფა-ს ქალთა ფეხბურთის დირექტორი ნადინ კესლერი.