„გონიომ“ ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი დაიმატა - ლაზი ბიზნესმენი ეროვნულ ლიგაში გადასვლაზე ფიქრობს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბი „გონიო“ ძლიერდება – 2025 წლის საფეხბურთო სეზონში გუნდის კარს ლაზარე კუპატაძე დაიცავს, რომელსაც 2021-22 წლებში ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იწვევდნენ.
ლაზარეს ქართველი გულშემატკივრისთვის და მითუმეტეს ბათუმელი ქომაგისათვის დამატებითი წარდგენა არ სჭირდება. კლუბის ცნობით, კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია, რომელიც ხელმოწერილია და ძალაში შედის 2025 წლის იანვრიდან, ხოლო ლაზარეს პრეზენტაცია 12 სექტემბერს დაიგეგმა.
ლაზარე კუპატაძე „საბურთალოს“ (ამჟამად „იბერია“) აღზრდილია, რომელთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წლის 31 იანვარს ლუქსემბურგული „ჟენესის“ ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ნახევარ წელიწადში იგი „საბურთალოში“ დაბრუნდა. შემდეგ იყო ბათუმის „დინამო“, 2023 წელი ისევ „საბურთალოში“ გაატარა. ზაფხულში გუნდი დატოვა და ლატვიურ „ლიეპაიაში“ ჩაირიცხა, მაგრამ კლუბი ისევ შეიცვალა.
27 წლის მეკარე საქართველოს ყველა (17, 19, 21) ასაკობრივი ნაკრების წევრი, ხოლო 2018-22 წლებში რეგულარულად იძახებდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის ფორმით ორი მატჩი ჩაატარა.
საქართველოს პირველ არხთან ტრანსფერზე კომენტარი „გონიოს“ პრეზიდენტმა, ლაზმა ბიზნესმენმა, დავით დოლიძემ გააკეთა და განაცხადა, რომ მისი მიზანი ეროვნულ ლიგაში დაწინაურებაა.
„კუპატაძეს წელს მესამე გუნდში თამაშის უფლება არ ჰქონდა და კარგი პირობის შედეგად წამოვიყვანე. დიდი გუნდის მშენებლობა გადავწყვიტე და ეს მეკარეებიდან დავიწყე. პირველი კუპატაძის ტრანსფერი იყო. ბევრი ძლიერი ფეხბურთელი მეყოლება. ახლა ლიგა 3-ში ვლიდერობთ და ლიგა 2-ში გადასვლა გვსურს. წელი არ უნდა დავკარგოთ, რომ ორ წელიწადში ეროვნული ლიგაში გადავიდეთ.
მინდა სტადიონის საკითხს შევეხოთ, რადგან „გონიოს“ სამომავლოდ არენა ნამდვილად დასჭირდება. გუნდი ყოველ წელს ლიგის ჩემპიონი ხდება და თანადგომა სჭირდება. სამწუხაროდ, მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გამოგვიცხადა თანადგომა, რის გამოც მადლობელი ვარ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით დოლიძემ.