ლაზარე კუპატაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებში მალე დავბრუნდე #1TVSPORT
ლაზარე კუპატაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებში მალე დავბრუნდე #1TVSPORT

„საბურთალოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას შეძლებს.

„რამდენიმე მატჩი ვითამაშე „საბურთალოში“. იდეალურ ფორმაში არ ვარ, თუმცა ვგრძნობ, რომ უკეთესობა არის და იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება. ყველა გვერდში მიდგას და ძალიან მეხმარებიან – მთავარი და მეკარეების მწვრთნელიც, ასევე სამწვრთნელო შტაბი. „საბურთალოსგან“ ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ გვერდში დგომას. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ადამიანს მადლობას გადავუხდი.

პირველობა ახალი დაწყებულია, ამ დროისთვის გუნდი სასურველ კონდიციებში არ არის. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მეტი ქულის აღება, მაგრამ რამდენიმე შეხვედრაში არ გაგვიმართლა. შეგვიძლია, რომ ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატაროთ, ამის თქმის საბაბს გუნდში არსებული კონტიგენტი მაძლევს. „საბურთალო“ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ნამდვილად არის პოტენციალი და ვფიქრობ, მოვუმატებთ. სამეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია თუ არა? ყველაფერი შესაძლებელია, ბევრი რამ ჩვენს ხელშია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

„საბურთალოში“ ყოველთვის იზრდებოდნენ და იზრდებიან როგორც ნიჭიერი მეკარეები, ასევე ფეხბურთელები. მაშინაც, როდესაც არ ვთამაშობდი თბილისურ კლუბში, ყოველთვის თვალს ვადევნებდი „საბურთალოს“ ფეხბურთელებს. ახალგაზრდა მეკარეები პერსპექტიულები არიან და ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ.

28 მარტს ნაკრებს რთული და მნიშვნელოვანი თამაში ელის. ეროვნულ გუნდში კარგი გარემოა, რასაც ყველა აღნიშნავს. ნაკრები ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ძალიან კარგი თამაში იქნება ნორვეგიასთან და მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

როდისთვის შეიძლება, ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე? ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე ნაკრებში. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ გამოძახებას, მანამდე სისტემატურად მიწვევდნენ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული – ვფიქრობ, მალე დავბრუნდები“, – ამბობს ლაზარე კუპატაძე.