გოგა ჩხეიძის სამი რეკორდი და ორი მედალი ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან [ფოტო]
გოგა ჩხეიძის სამი რეკორდი და ორი მედალი ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან [ფოტო]

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა გოგა ჩხეიძემ, ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდში ბრინჯაოს, აკვრაში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა და 23-წლამდელთა შორის ევროპის სამი რეკორდიც დაამყარა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 22 წლის ქართველმა ძალოსანმა პირველი რეკორდის დამყარება ატაცში შეძლო, სადაც სამიდან სამივე ცდა გამოიყენა (132; 136;139). სარეკორდო მესამე მისვლა გამოდგა, როცა ჩხეიძემ 139 კილოგრამი აიტაცა. საბოლოოდ, ეს რეკორდი იტალიელმა მირკო ზანიმ მოხსნა, რომელმაც ჩხეიძის ჯერ 140 და შემდეგ 142 კილოგრამის დაძლევით, რეკორდთან ერთად ატაცის ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა. ქართველი სპორტსმენი ამ დისციპლინაში საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.

​ჩხეიძისთვის ბევრად იმედისმომცემი მეორე დისციპლინა აღმოჩნდა. აკვრა მწვრთნელების გადაწყვეტილებით 165 კილოგრამით და წარმატებით დაიწყო, რაც ამავე ასაკში ევროპის რეკორდის გამეორება იყო. რეკორდები მეორე მისვლაზე დამყარდა – ჩხეიძემ 169 კილოგრამი აკრა და როგორც აკვრაში, ასევე ორჭიდის ჯამში 23-წლამდელთა შორის ევროპის კიდევ ორი რეკორდი დაამყარა. სამწუხაროდ გოგას საკუთარი რეკორდების გაუმჯობესება მესამე ცდაზე აღარ გამოუვიდა. მან 173 კილოგრამი ვეღარ დასძლია და აკვრაში ვერცხლის, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

ამ წონით კატეგორიაში ორჭიდის ოქროს მედალი ფრანგ ბერნარდინ მატამს ერგო, რომელმაც ჯამში 312 კილოგრამი დასძლია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი მედალი შოთა მიშველიძემ მოუტანა. 7 აპრილს 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქუთაისელმა ათლეტმა ატაცის ოქროს მედალი აიღო.

ხვალ ფიცარნაგზე კიდევ ორი ქართველი ძალოსანი გავა. „ც“ ჯგუფში დილის 11:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას მაკა ვეფხვაძე (64 კგ). „ბ“ ჯგუფში იასპარეზებს არჩილ მალაყმაძე (73 კგ.), რომელიც ფიცარნაგზე 15:30 საათიდან გავა.