გიუნდოგანის დუბლით „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ მეორე ნაბიჯი გადადგა ისტორიული ჰეთ თრიკისკენ. პეპ გვარდიოლას გუნდმა „უემბლიზე“ ინგლისის თასის ფინალში 2:1 დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ანგარიში შეხვედრის მე-12 წამზე ილქაი გიუნდოგანმა გახსნა და „მანჩესტერ სიტი“ დააწინაურა. ეს იყო ინგლისის თასის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი.
33-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტით გაათანაბრა და ინგლისის თასის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მატჩში გოლები გუნდების კაპიტნებმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ თასის წლევანდელ გათამაშებაში პირველად გაუშვა გოლი.
გიუნდოგანმა მეორე ტაიმშიც გაიტანა და დუბლი შეასრულა. მისი მეორე გოლი გამარჯვების იყო – ის 51-ე წუთზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელის ორივე გოლისას ასისტენტი კევინ დე ბრუინი იყო. ბელგიელმა ამ სეზონში შედეგიანი გადაცემების რაოდენობა 28-მდე გაზარდა.
„მანჩესტერ სიტი“ მეშვიდედ გახდა ინგლისის თასის მფლობელი და მეორედ შეასრულა დუბლი (პირველად 2018-19 წლების სეზონში).
მაშ ასე, „სიტიმ“ პრემიერლიგის შემდეგ ინგლისის თასი მოიგო და ჰეთ თრიკის შესასრულებლად ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება, რომლის ფინალში 10 ივნისს „ინტერს“ შეხვდება.