GITA-ს ინფორმაციით, საქართველო განიხილება ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ცნობით, ქართული დელეგაცია აშშ-ში, SpaceX-ში იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს, ბრეტ ჯონსენსა და უფროს ფინანსურ დირექტორს, დევიდ ფინლის შეხვდნენ. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ბილ რაიჰერტი, SpaxeX-ის ერთ-ერთი ინვესტორი.
„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან განიხილება საქართველოს, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე, განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში.
მოლაპარაკების შედეგად უახლოეს პერიოდში SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, – აღნიშნულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.