კენიაში, ნაირობის სამდღიან გლობალურ სამიტზე იმყოფება ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანია.
ყიფიანი სამიტზე სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კლუბის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ფეხბურთში გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი პირობების შექმნას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მამა ჩაერთოს შვილების აღზრდაში, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, ქალთა გაძლიერებას, არაძალადობრივ ურთიერთობებს და ამ გზით წვლილი შეიტანონ საზოგადოების წინსვლაში. ამავდროულად, საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ მხარს უჭერს გოგონებისა და ბიჭების თანაბარ მონაწილეობას ფეხბურთში, რადგან სტერეოტიპულად, ფეხბურთი მამაკაცურ სპორტადაა მიჩნეული და ითვლება, რომ სათამაშო მოედანზე გოგონების ადგილი არ არის. ჩვენ გვჯერა თანასწორობის და გვსურს, რომ არსებული ვითარების შესაცვლელად, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ“ – ამბობს გიორგი ყიფიანი.