გიორგი ყიფიანი - „ლოკომოტივის“ პოზიციაა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ბალანსის დასაცავად ათი ლეგიონერი საკმარისია #1TVSPORT
გიორგი ყიფიანი - „ლოკომოტივის“ პოზიციაა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ბალანსის დასაცავად ათი ლეგიონერი საკმარისია #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრაზე პირველ არხთან კომენტარი გიორგი ყიფიანმა გააკეთა. თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი ლეგიონერებზე ლიმიტის გაზრდის წინააღმდეგია და იმედოვნებს, რომ პროფესიული საფეხბურთო ლიგა ჩამოყალიბდება, რაც კომერციულად საინტერესო მოდელი იქნება.

„შეხვედრაზე განხილული იყო ეროვნულ ლიგებში ლეგიონერების ლიმიტის გაზრდა, რომელზეც განსხვავებული პოზიციებია. დიდი იმედი მაქვს, რომ მაინც შევჯერდებით და უცხოელების გონივრული რაოდენობა იქნება განსაზღვრული. „ლოკომოტივის“ პოზიციაა, რომ ბალანსის დასაცავად ათი ლეგიონერი საკმარისია.

მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია პროფლიგის პროექტი, რომელიც კლუბების მიერაა ინიციირებული. იმედია, საბოლოოდ მივაღწევთ იმას, რომ კლუბები საკუთარ თავზე ვიქნებით დამოკიდებულები. მიზანი კომერციულად საინტერესო მოდელის შექმნაა, საქართველოს ჩემპიონატი უფრო მიმზიდველი რომ გახდეს.

2024 წელი მთლიანად უნდა დაეთმოს იმას, რომ კონკრეტული კომპონენტები ჩამოყალიბდეს და ამის საფუძველზე, საბოლოოდ, პროფლიგის მყარი სტრუქტურა განისაზღვროს. საამისოდ, სამუშაო პროცესში ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა შესრულდეს“, – ამბობს გიორგი ყიფიანი.