თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი 2020 წელს გუნდისთვის წარმატებულად თვლის, მაგრამ არ მალავს, რომ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს.
„თუ ევროპის ლიგაზე გამოსვლის მიხედვით ვიმსჯელებთ, ძალიან კარგი სეზონი გვქონდა. შევძელით და საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ორი ეტაპი გადავლახეთ. სამწუხაროა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფში ვერ შევედით. რასაკვირველია, ჩენი მიზანი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდრა იყო. ასევე სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ჩემპიონატში ევოზონაში ვერ მოვხვდით და ვერ მოვიპოვეთ კონფერენციათა ლიგის საგზური, რომელსაც უეფა წლეულს პირველად ჩაატარებს. ეს კი გუნდებისთვის ახალი გამოწვევა იქნება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ყიფიანი.
„ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი იმედოვნებს, რომ გუნდისთვის 2021 წელი წინაზე წარმატებული იქნება:
„წელსაც გვინდა, ზედა ხუთეულში მოვხვდეთ. შემადგენლობას რომ გადავხედოთ, ფეხბურთელების შენარჩუნება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ჩვენი ამოცანაა, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს, რომელიც ევროტურნირების საგზურს მოიპოვებს“.