გიორგი წიტაიშვილი - უკრაინითვის არ მიღალატია, ქართველი ვარ და ვამაყობ  ჩემი სამშობლოთი #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი - უკრაინითვის არ მიღალატია, ქართველი ვარ და ვამაყობ ჩემი სამშობლოთი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ საფეხბურთო არხზე ისაუბრა, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ნაკრებში თამაში.

– რატომ დათანხმდით საქართველოს ნაკრების შეთავაზებას, იმიტომ რომ სათამაშო დრო გექნებოდა?

– საქმე სხვა რამეშია. საქართველოს სახელით თამაში ჯერ კიდევ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადავწყვიტე (სადაც ჩემპიონი უკრაინის სახელით გახდა). მაგრამ ეს იგორ და გრიგორი სურკისის პატივისცემის გამო არ გავაკეთე. მათთან განვიხილეთ ეს საკითხი, რადგან მოქალაქეობა რომ შემეცვალა, „დინამოში“ ლეგიონერი ვიქნებოდი. მითხრეს, მნიშვნელობა არ აქვს ლეგიონერი ვიქნებოდი თუ არა, ჯერ ახალგაზრდა ხარ და დრო გინდა, რომ გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღოო.

ამგვარად ცოტა შემაჩერეს და ფიქრის საშუალება მომცეს, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვყოფილიყავი. გავიდა დრო, მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი, ტრავმირებული ვიყავი. ტრავმა რომ მივიღე, ერთი კვირის შემდეგ პირველ მატჩში ეროვნულ ნაკრებში უნდა წავსულიყავი, ანუ მოქალაქეობა უნდა მიმეღო.

ტრავმა მივიღე, მალე მოედანს დავუბრუნდი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე. მიზეზი სამშობლოშია. ვგრძნობ ვინც ვარ, ვამაყობ ჩემი სამშობლოთი, ვიცი, რომ პირველ რიგში ქართველი ვარ. ვიცი, რომ ჩემი მეორე სახლი უკრაინაა. უკრაინის ჰიმნი რომ ჟღერს, ხელს ისევ გულზე ვიდებ.

ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ქვეყანას ვუღალატე. არავისთვის არ მიღალატია. წარმოშობით ქართველი ვარ. უკრაინის მოქალაქეობა „დინამოში“ სათამაშოდ მივიღე. იმიტომ რომ ლეგიონერებს უკრაინის ასაკობრივ ჩემპიონატებში თამაში არ შეუძლიათ.

ბებიას მხრიდან უკრაინელი ნათესავები მყავდა. ამაზე მკითხეს, ნათესავები თუ გყავსო და ვუთხარი, რომ მყავს. მოქალაქეობის შეცვლა მთხოვეს და თამაშის მიზნით გადავწყვიტე პასპორტის შეცვლა. მაგრამ წარმოშობით ქართველი ვარ და უკრაინის არც ეროვნულ გუნდზე ვფიქრობდი და არც სხვა რამეზე. ბაბუას უნდოდა, საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. როცა ის გარდაიცვალა, საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღე, რომ ამ ნაბიჯს მას მივუძღვნიდი.