გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ მედიასთან კონტაქტი გაწყვიტა - მე არა უკრაინის, არამედ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა უკრაინულ მედიასთან კონტაქტი გაწყვიტა - მე არა უკრაინის, არამედ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ქართულ გუნდში კიევის „დინამომ“ იჯარით გაუშვა, უკრაინულ მედიასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ თავად გამოაცხადა.

„უკრაინულ მედიას ინტერვიუს აღარ მივცემ. თქვენს ზარს პატივისცემით ვუპასუხე, რადგან ასეთი აღზრდილი ვარ“, – ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს გამოცემა „უკრფუტბოლი“ ციტირებს.

წიტაიშვილს ასეთი ნაბიჯის გადადგმა აიძულა Новини України-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე რეაქციამ, სადაც ღიად განაცხადა, რომ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში (რომელთანაც 20-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა) გარემოებების გამო თამაშობდა და არა იმიტომ, რომ ასე სურდა. ამ ინტერვიუს შემდეგ ფეხბურთელის მიმართ სოციალურ ქსელებში ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები გამოჩნდა.

„ეს (უკრაინის სახელით თამაში) მიზნად არ მქონია და ეს ჩემმა ახლობლებმაც იცოდნენ. იმ მომენტში უკრაინაში ვიყავი და უკრაინის პასპორტი მქონდა. რატომ? მანამდე საქართველოს პასპორტი მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან კიევის „დინამოს“ აკადემიისთვის უკრაინული პასპორტი მჭირდებოდა, კლუბში რომ დავრჩენილიყავი. კიევის „დინამოს“ პირველ გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი, მაგრამ უკრაინის ნაკრებში მოხვედრაზე არც მიოცნებია.

მოგვიანებით გამომიძახეს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში, რადგან გამორჩეული ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ არ მინდოდა. დახმარება მსურდა. შემდეგ ქართული პასპორტი ავიღე, რადგან ჩემი დიდი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. თუ ვინმე იტყვის, რომ უკრაინის ნაკრებში არ გამომიძახეს და პასპორტი გამოვიცვალე, არასწორია“, – განაცხადა წიტაიშვილმა.