უკრაინული მედია - წიტაიშვილი უკრაინაში დაბრუნებას არ აპირებს, ის კლუბს საზღვარგარეთ ეძებს #1TVSPORT
უკრაინული მედია - წიტაიშვილი უკრაინაში დაბრუნებას არ აპირებს, ის კლუბს საზღვარგარეთ ეძებს #1TVSPORT

საფეხურთო კლუბი „პოლესიე“ დაინტერესებულია კიევის „დინამოს“ ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერით, რომელიც ამჟამად იჯარით ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, მაგრამ სანამ უკრაინაში ომია, ქართველი ფეხბურთელი დაბრუნებას არ აპირებს, – ინფორმაციას გამოცემა Ua-football-ი ავრცელებს.

„ჟურნალისტმა და კომენტატორმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია გიორგი წიტაიშვილის მიმართ „პოლესიეს“ ინტერესის შესახებ. კლუბს დიდი მიზნები აქვს და ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული ნამდვილად არის, მაგრამ სანამ უკრაინაში ომია, წიტაიშვილი დაბრუნებას არ აპირებს. ზაფხულში ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე ითამაშებს, სავსებით შესაძლებელია, რომ იქ თავი გამოიჩინოს და შეთავაზება მიიღოს.

ამას გარდა, თუ ფიფა-სა და უეფა-ს გადაწყვეტილება (უკრაინულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებისთვის კონტრაქტის შეჩერების შესახებ) ძალაში დარჩება, ქართველი ფეხბურთელი ეცდება, კარიერა ევროპაში გააგრძელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კიევის „დინამოში“ დაბრუნდება, რადგან ჯერჯერობით ამ კლუბის ფეხბურთელია“, – ამტკიცებს უკრაინული გამოცემა.

წიტაიშვილი ამჟამად იჯარით ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, რომელთანაც ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, „დინამოსთან“ კონტრაქტი კი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების ვარსკვლავი იყო, რომელმაც 2019 წელს, ალექსანდრე პეტრაკოვის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. თუმცა შემდეგ ფეხბურთელმა არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა და ცოტა ხნის წინ „ჯვაროსნებთან“ ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.