გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობაში ხვალ იმსჯელებენ
გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობაში ხვალ იმსჯელებენ

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილის საკრებულოში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც იმსჯელებენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით.

„სახელმწიფოს და საზოგადოების მიზანია, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან. ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. რაც შეეხება განცხადებებს, ეს იყო ემოციური, არაკორექტული და მე ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ ამგვარი განცხადებებისგან. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, ჩვენ გვექნება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თქვენ ამას შეიტყობთ. კოსულტაციები უნდა გავიაროთ საკრებულოს უმრავლესობაში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ერეკლე კუხიანიძის დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით თბილისის საკრებულოსთან დღეს „სამოქალაქო მოძრაობისა” და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან აბრა ჩამოხსნა, გადახაზა და „ღორი“ და „ნაძირალა“ დააწერა.