ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღო დაპირება, რომ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ
ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღო დაპირება, რომ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღო დაპირება, რომ საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ.

როგორც ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს საკრებულოს დეპუტატის მანდატი.

„საკრებულოში შევხვდი თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს. შევთანხმდით, რომ იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ერეკლე კუხინიძის საკითხთან დაკავშირებით ხვალ გამოაცხადებენ. ვითხოვთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თბილისის საკრებულო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობა” და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დაფიქსირებული პოზიციის გამო ითხოვდნენ. ამ დროისთვის აქცია უკვე დასრულებულია.

კერძოდ, ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.