გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომად თითოეულს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის ზომა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.

საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, მათგან სამს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.