გიორგი ნავალოვსკი „ანორთოსისში“ გადასვლაზე - ჯერ არაფერი გადამიწყვეტია
გიორგი ნავალოვსკი „ანორთოსისში“ გადასვლაზე - ჯერ არაფერი გადამიწყვეტია

გიორგი ნავალოვსკი საქართველოს პირველ არხთან არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზაფხულიდან თემურ ქეცბაიას გუნდს, კვიპროსულ „ანორთოსის“ შეუერთდება.

„ჯერ არ ვიცი, გადავალ თუ არა „ანორთოსისში“ და ბერძნულმა მედიამ საიდან გაიგო, არ ვიცი. ასე ვიტყვი – ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ესაა სიმართლე“, – ამბობს ნავალოვსკი.

ბერძნული მედიის ცნობით, თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად, საქართველოს ნაკრების კიდევ ორ წევრს, გიორგი ლორიასა და გიორგი ნავალოვსკის იწვევს.

ნავალოვსკიმ თებერვალში მინსკის „დინამო“ დატოვა და ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა. გამოცდილი მცველი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულის შემდეგაც ამ კლუბში დარჩეს.

„აქ ისეთი ამბიციური და ძლიერი გუნდი შენდება, რომელიც საქართველოს სჭირდება. გია გეგუჩაძეს ბავშვობიდან ვიცნობ. დიდ ფეხბურთში მან დამაწინაურა. გუნდშიც ძალიან კარგი გარემოა და არჩილ ბერიძის სახით, გუნდს ამბიციური პრეზიდენტი ჰყავს. მას ევროპული დონის გუნდის აშენება სურს და არა მხოლოდ ისეთი, საქართველოში რომ იბრძოლებს. ეს ამბიცია ძალიან მომეწონა. საქართველოში ასეთი რამდენიმე გუნდი რომ გვყავდეს, ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონის გახდება“,- აცხადებს გიორგი ნავალოვსკი.