გიორგი მელქაძე რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მე-10 ტურში „ტამბოვმა“ საშინაო არენაზე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი – „როსტოვი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ქართველმა შემტევმა ითამაშა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
რუსულმა გამოცემა „ნიუს.რუ“-მ ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც გიორგი მელქაძეც შეიყვანა.
„მოსკოვის „სპარტაკში“ 22 წლის თავდამსხმელმა ოთხი სეზონის განმავლობაში ოთხი ათეული მატჩი ჩაატარა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, შეცვლაზე შედიოდა და ერთი გოლიც არ ჰქონდა გატანილი. „ტამბოვში“ გადასულმა კი ახალ კლუბში მეორე მატჩში დუბლი შეასრულა. მეტიც – ამ გოლებმა პრემიერლიგის ახალბედა გუნდს ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „როსტოვთან“ ურთულეს შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა“ – წერს „ნიუს.რუ“.
22 წლის გიორგი მელქაძე მოსკოვის „სპარტაკის“ გაზრდილია, „ტამბოვში“ კი იჯარით თამაშობს.