გიორგი ჯიქია - ანანიძე თავს კარგად გრძნობს და იმედია, „დინამოს“ სანაკრებო თამაშების შემდეგ შეუერთდება #1TVSPORT
გიორგი ჯიქია - ანანიძე თავს კარგად გრძნობს და იმედია, „დინამოს“ სანაკრებო თამაშების შემდეგ შეუერთდება #1TVSPORT

მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანმა, გიორგი ჯიქიამ გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის მდგომარეობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ის მოედანს მალე დაუბრუნდება.

„ჯანოს გუშინ ორი საათის განმავლობაში ვესაუბრე. ჩვენ ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვუკავშირდებით. ის ახლა სახლშია, საქართველოშია და რეაბილიტაციას გადის, რადგან მუხლის ძველმა პრობლემამ თავი შეახსენა. ახლა ჯანო თავს კარგად გრძნობს და ვარჯიში უკვე დაიწყო. ვიმედოვნებ, რომ ის საერთო ჯგუფს ეროვნული ნაკრებების თამაშების შემდეგ შეუერთდება“, – ეს ჯიქიამ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

ჯანო ანანიძე „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი აპრილში გახდა და გუნდთან კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა, პლუს მეორე სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. თუმცა, წელს მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა – ბათუმში „დინამოს“ წინააღმდეგ და მატჩის შემდეგ ტრავმის გამო მკურნალობა დასჭირდა.

ჯანომ კარიერა მოსკოვის „სპარტაკში“ 2007 წელს დაიწყო, სადაც მთავარ გუნდში 2009 წლიდან დააწინაურეს და 10 წელი თამაშობდა. გახდა რუსეთის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი. ასევე იჯარით ითამაშა „როსტოვში“ (სადაც მოიგო რუსეთის თასი) და სამარას „კრილია სოვეტოვში“.

„სპარტაკიდან“ წასვლის შემდეგ ჯანომ ხელი მოაწერა კონტრაქტს კვიპროსელ „ანორთოსისთან“, მაგრამ გუნდი მალე დატოვა და გადავიდა ვოლგოგრადის „როტორში“, სადაც ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და ხელშეკრულება საკუთარი სურვილით გააუქმა.