გიორგი გახარია - პოლიციელს, რომელსაც მოზარდი არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება ჩვენი გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე შეუჩერდა
გიორგი გახარია - პოლიციელს, რომელსაც მოზარდი არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება ჩვენი გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე შეუჩერდა

ერთ-ერთ პოლიციელს, რომელსაც 16 წლის მოზარდი ბოლნისში ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე შეუჩერდა, ბევრად ადრე, ვიდრე პროკურატურა დაიწყებდა გამოძიებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს შედეგს. შინაგან საქმეთა სამინისტროც შედეგის შესაბამისად იმოქმედებს.

„ამ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე პროკურატურა დაიწყებდა გამოძიებას, იმ მოკვლევის საფუძველზე, რომელიც ჩაატარა ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ.

ამასთან, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ყველანი უნდა დაველოდოთ, რა შედეგი იქნება სასამართლო პროცესზე. იმ შემთხვევაში, თუ ვნახავთ, რომ ჩვენი პოლიციელი არის დამნაშავე, ჩვენ ვიქნებით ყველაზე მკაცრი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ეს არის დაცვის მხარის არჩეული ტაქტიკური სტრატეგია, მსგავსი ბრალდებებით დაიცვან და მიაღწიონ კონკრეტულ შედეგს, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, შეუწყდა თუ არა ერთ-ერთ პოლიციელს, აკაკი უგრეხელიძეს, რომელსაც მოზარდი ადანაშაულებს, უფლებამოსილება და რა ეტაპზეა გამოძიება.

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს,პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ. მოზარდი ბოლნისის პოლიციის 10-მდე თანამშრომელს ცემაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებს, მათ შორის, მისი თქმით, სამართალდამცველებიდან ერთ-ერთი მოზარდს ბოთლით გაუპატიურებით აშინებდა. არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო. ჩატარდა ამოცნობის პროცედურა, სადაც მოზარდმა რამდენიმე პოლიციელი ამოიცნო.

16 წლის მოზარდისადმი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, 28 მაისს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ბოლნისის პოლიციის განყოფილების ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი დააკავა. 30 მაისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. პროკურატურაში განმარტეს, რომ დაკავებული დეტექტივ-გამომძიებელი ერთ-ერთი მათგანია.