გიორგი ჭიაბრიშვილი - იმედია, ევროტურნირზე მოვხვდებით, ეს „ლოკომოტივისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - იმედია, ევროტურნირზე მოვხვდებით, ეს „ლოკომოტივისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT

29 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში „ლოკომოტივი“ საგურამოში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა – უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, გუნდებმა მეორე ტაიმში სანახაობრივი თამაში ჩაატარეს და საბოლოოდ ქულები გაინაწილეს – 2:2.

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ლიგის ყველა დარჩენილი შეხვედრა ფინალის ტოლფასი იქნება.

„ბოლო ტურებში ქულების დაგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი გუნდის მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრაა. „დინამოსთან“ უპირატესობა მცირე დროის განმავლობაში გვქონდა, მაგრამ ჩემს გუნდს კარგი თვისება აქვს. ხასიათს მაშინ ავლენს, როდესაც ეს აუცილებელია“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდს ეროვნული ლიგის მეოთხე წრეში მიზნის მიღწევაში სწორედ ხასიათი დაეხმარება:

წაგებებისა და ტრავმიანობის შემდეგ ფეხბურთელები ხასიათის შენარჩუნებასა და ბრძოლას მაინც ახერხებენ. იმედია, ამ ბრძოლასაც ბოლომდე მივიყვანთ და წელს ევროტურნირზე მოვხვდებით. ეს ჩვენი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ თბილისური დერბის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 41 ქულა დააგროვა და ისევ მეხუთე პოზიციაზეა, მაგრამ „საბურთალომ“ (46) და გორის „დილამ“ (43) მასთან უპირატესობა გაზარდეს. მესამე წრის შემდეგ ჩემპიონატს ერთპიროვნულად ბათუმის „დინამო“ (56) ლიდერობს, რომელიც „დინამო თბილისს“ (52 ქულა) უკვე ოთხქულიანი სხვაობით უსწრებს.