საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჭიაბრიშვილი - ლუქსემბურგთან ახალი რამის მოგონება არ შეიძლება, ნაცადი სქემითა და ფეხბურთელებით უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჭიაბრიშვილი - ლუქსემბურგთან ახალი რამის მოგონება არ შეიძლება, ნაცადი სქემითა და ფეხბურთელებით უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე ისაუბრა, რომელიც 21 მარტს თბილისში გაიმართება.

„როგორ უნდა შევძლოთ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის კომპენსირება? ზუსტად ამ პროფილის მოთამაშე არ გვყავს, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია. ჩაკვეტაძეს კიტეიშვილთან ერთად შეუძლია, თამაში საკუთარ თავზე აიღოს, ზივზივაძეც მშვენიერ ფორმაშია.

მიმაჩნია, რომ ხვიჩას არყოფნით გამოწვეული პრობლემა გუნდურად უნდა დავძლიოთ. ჩვენს ნაკრებს ძალა შესწევს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ყველაზე მთავარი კი ფსიქოლოგიური მზადყოფნა იქნება.

ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, სანიოლი გუნდს მარტის ამ ორ მატჩამდე როგორ მიიყვანს. მან უნდა გვაჩვენოს, რა შეუძლია. იმაზე საუბარი, რომ ამ შეხვედრებისთვის სხვადასხვა რგოლში ახალი ფეხბურთელები უნდა გამოჩდნენ, ჩემთვის მცდარია. ახლა არაფერი ახლის მოგონება არ შეიძლება და ნაკრებმა ნაცადი სქემითა და ფეხბურთელებით უნდა ითამაშოს.

ოღონდ მწვრთნელმა ის ფეხბურთელები უნდა შეარჩიოს, რომლებიც ოპტიმალურ ფორმაში იქნებიან. ახლა ჩვენი ორივე ფორვარდი (მიქაუტაძე, ზივზივაძე) კარგ ფორმაშია“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.