„ტაიმაუტის“ ექსკლუზივი - მალე საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართება #1TVSPORT
„ტაიმაუტის“ ექსკლუზივი - მალე საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირის პრეზენტაცია გაიმართება #1TVSPORT

ჩამოყალიბდა საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი, რომლის პრეზენტაციაც მალე შედგება, – ამის შესახებ ექსკლუზიურად პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა.

„ჩამოყალიბდა საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი, სადაც გაერთიანდნენ მწვრთნელები, იურისტები, მენეჯერები, ფეხბურთელები. პრეზენტაციას აპრილში ვაპირებთ და მედიას აუცილებლად მოგიწვევთ. ფეხბურთის განვითარებაში ჩართულები არიან ფედერაცია, კლუბების პრეზიდენტები, სპორტის სამინისტრო, მთავრობა, მაგრამ პროფესიონალები არსად ჩანან.

თქვენ საუბრობდით (გადაცემის წამყვანს, ვლადიმერ გუცაევს მიმართა), ვინ მართავს „ბაიერნს“. ვფიქრობ, რომ ამაში პროფესიონალების მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგის პროექტი ბიზნესმენმა შეადგინა, რადგან სხვაგვარი გემოვნება და ტვინი ჰქონდა, მაგრამ გვერდით ჰყავდა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები. ამ კონკრეტულ პროფესიაში ფეხბურთელებს თავიანთი ხმა უნდა ჰქონდეთ.

ჩვენ გვინდა, შევქმნათ ისეთი ორგანიზაცია, სადაც საფეხბურთო სამყარო გაერთიანდება და მოგვისმენენ.  ამ კავშირში ვინც არ უნდა გაწევრიანდეს, მისი მიზანი მხოლოდ ფეხბურთის წინსვლა იქნება“, – აცხადებს გიორგი ჭიაბრიშვილი.