გიორგი ასანიძე - მოსკოვში ასპარეზობას, აპრილის იმ მძიმე დღეების ისტორიაც ემატებოდა და ჩვენი მოტივაციაც უფრო ამაღლებული იყო #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ გააკეთა.
„სიმბოლური დატვირთვები ყველაფერს აქვს, თუმცა არ მინდა მე რომელიმე სხვა შეჯიბრი დავაკნინო, ვინაიდან ყველგან, სადაც კი გამოვდივართ ჩვენ მაქსიმუმზე ვფიქრობთ. მოსკოვში ასპარეზობას, აპრილის იმ მძიმე დღეების ისტორიაც ემატებოდა და ჩვენი მოტივაციაც უფრო ამაღლებული იყო. მადლობა ბიჭებს, რომ მათი ძალისხმევით დღეს საქართველოს ნაკრები გუნდური პირველობის გამარჯვებულია.
გუნდი მართლაც ძალიან კარგად იყო მომზადებული, თუმცა რაღაც დონეზე ეს პანდემიური პერიოდი, ისევე როგორც სხვა ნაკრებებზე, ჩვენზეც აისახა, რადგან თავად შეჯიბრმაც გვიჩვენა, რომ კიდევ შეიძლებოდა ერთი ან ორი ოქროს მედლისთვის ბრძოლა.
ლაშა ტალახაძეს დიდი მადლობა იმისთვის, რომ მართლაც ღირსეულად იასპარეზა და გაალამაზა შეჯიბრის დასკვნითი დღე და დაამყარა მსოფლიო რეკორდი“.