გიგი წერეთელი - პარტიის ყოფილი ლიდერები როცა კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ, თავად რა შეეშალათ
გიგი წერეთელი - პარტიის ყოფილი ლიდერები როცა კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ, თავად რა შეეშალათ

სხვამ დაინახა პასუხისმგებლობა, რომ დღეს დისტანცირება მოახდინოს, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო პარტიას, რათა გაძლიერდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პარტიიდან წასული გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის დღევანდელ განცხადებებზე.

„ნამდვილად არ მინდა, ახლა არავის ვუპასუხო, დღეს „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა ყრილობა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა და განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, გააგრძელონ ბრძოლა, რომელშიც ჩართულები ვართ უკვე დიდი ხანია და რომელიც სწორედ მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, შეიცვალოს მართვა, ის სტილი, რომელიც ამ ქვეყანაშია. სწორედ ეს არის დღეს მთავარი. ვინ როგორ გრძნობს პასუხისმგებლობას, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ჩვენს მეგობრებს შეეხება, ლიდერებს, ვინც იყვნენ ამ პარტიაში, ყველასი მადლობელი ვართ, მაგრამ ახლა მთავარია, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. „ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე ამ პოლიტიკურ ველზე და ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება განახლების პროცესს, წერეთელის თქმით, პარტიის ეს აუცილებელია.

მისივე თქმით, პარტიის ყოფილი ლიდერები როცა კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ, თავად რა შეეშალათ.

„ახალგაზრდები მოვიდნენ და კიდევ უფრო მეტნი მოვლენ ამ პარტიაში. ამას არც ადრე არავინ უშლიდა ხელს და თუ უშლიდა, მაშინ ამის ანალიზიც დაგვჭირდება ალბათ, რა და როგორ იყო. მე ძალიან გულწრფელად ვთქვი დღეს, რომ აუცილებელია პარტიამ გაიაზროს, რა შეცდომები იყო მთელ ამ პერიოდში და რა უნდა გააკეთოს სამომავლოდ, ამის აღქმა არსებობს დღეს. როგორ გაკეთდება ეს ყველაფერი ამას დრო გვაჩვენებს. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს პარტიამ, თუნდაც იმის გამო, რომ ლიდერების საკმაოდ დიდი ნაწილი მას გამოაკლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე არის შეუცვლელი, ყველას შეცვლა შეიძლება და სკეპტიციზმი შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ ასევე არსებობს სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რაც იყო მანამდე, რა შეცდომებიც იყო. ამიტომ, პარტიის ყოფილი ლიდერები როცა კრიტიკულად ხედავენ ახლა მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ, თავად რა შეეშალათ და თუ უფრო ზუსტად გვეტყვიან, რა შეეშალათ თავად და ამაშიც ჩაერთვებიან, უფრო მადლობელი ვიქნებით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ახლა კონკრეტული შეცდომების ჩამოთვლა ძალიან რთულია, თუმცა, როგორც წერეთელი ამბობს, თუნდაც არჩევნების შედეგებში

„მაგრამ, როდესაც საუბარია რაიმე არასასურველ შედეგზე, როდესაც საუბარია გარკვეულ წარუმატებლობაზე, როცა საუბარია იმაზე, რომ პარტიამ ვერ მოახერხა უფრო კარგი შედეგების დადება, თუნდაც ასეთი არჩევნების პირობებში, რა თქმა უნდა, ვინც იყო პარტიის სათავესთან იმ პერიოდში, ვისი სახელი და გვარიც უფრო მეტად და ხშირად იყო, ვისი ბანერებიც იყო, ვინც კომუნიკაციაში იყო ამომრჩეველთან, შეიძლება, უფრო მეტად მათი წვლილიც არის ბუნებრივია, თუმცა მე არავის ნიშანს არ ვუგებ. ჩვენ ერთად ვიზიარებთ ამას, ოღონდ, სხვამ დაინახა პასუხისმგებლობა, რომ დღეს დისტანცირება მოახდინოს, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო პარტიას, რათა რაღაცნაირად გაძლიერდეს, იყოს ჩართული იმ მთავარი ამოცანის განხორციელებაში, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობის მოტანა და შეთანხმებაც იყოს, პოლიტპატიმრებიც არ გვყავდეს, სიღარიბეც ნაკლები იყოს და მართლაც ევროპული სტანდარტის ქვეყნად იქცეს საქართველო“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს.

ამასთან, პარტიის დღევანდელ ყრილობას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ უკვე ყოფილი წევრები დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა. დავით ბაქრაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე და ამ ეტაპზე არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას. ამასთან, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა გიგი უგულავამაც, რომელმაც დაწერა, რომ „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა“.  „ევროპული საქართველო“ ასევე დატოვეს გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმაც. თარგამაძემ წასვლის შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ის, რაც მიუღებელი იყო ერთ პარტიაში, მიუღებელი იქნება სხვაშიც“. ლევან თარხნიშვილმა კი განაცხადა, რომ „პარტიის მომავალზე მისი და ზოგიერთების წარმოდგენა ერთმანეთს არ დაემთხვა“.

დატოვე კომენტარი