გიგანტური ვარსკვლავი განადგურების პირას — ჰაბლის საიუბილეო ფოტო #1tvმეცნიერება
გიგანტური ვარსკვლავი განადგურების პირას — ჰაბლის საიუბილეო ფოტო #1tvმეცნიერება

კოსმოსური სანახაობები მუდმივად იწვევს ჩვენს გაოცებას; ამ მხრივ გამონაკლისი არც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის 31 წლისთავის აღსანიშნავად გამოქვეყნებული ახალი ფოტოა — კიდევ ერთი საოცარი კადრი, რომელსაც შეიძლება საათების განმავლობაში ვერ მოსწყვიტოთ თვალი.

ასახავს გიგანტურ, ულტრაკაშკაშა ვარსკვლავ გემის ხერხემლის AG-ს — ჩვენგან 20 000 სინათლის წლის მანძილზე, გემის ხერხემლის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე მნათობს, რომელიც კაშკაშა ცისფრის ცვალებადის (LBV) ფაზაში იმყოფება. ამ ფაზაში, ასეთი ვარსკვლავები ათასობით წლის განმავლობაში რჩება და ახასიათებთ არასტაბილურობა და სიკაშკაშის ძლიერი ცვალებადობა.

გემის ხერხემლის AG ჩვენს მზეზე დაახლოებით 70-ჯერ დიდი და მილიონჯერ კაშკაშაა, იბრძვის, რომ სრულ განადგურებას გადაურჩეს. გამომდინარე იქიდან, რომ გრავიტაცია მას შიგნით, რადიაცია კი გარე მიმართულებით ექაჩება და თანაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლებით, ვარსკვლავმა მიაღწია წნევის იმ წერტილს, როდესაც გარე ფენები ფეთქებადი სახით მოსწყდა — რაც სურათზეა ასახული.

გემის ხერხემლის AG-ს გარშემო ხედავთ გიგანტურ ნისლეულს, გაზისა და მტვრის გაფართოებად გარსს, რომლის სიგანეც დაახლოებით ხუთი სინათლის წელიწადია — თითქმის იგივე, რა მანძილითაც არის მზისგან დაშორებული მისი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი ალფა კენტავრი; ამ შედარების შემდეგ ალბათ უკეთ აღიქვით, რა მასშტაბთან გვაქვს საქმე.

ეს კონკრეტული აფეთქება ათასობით წლის წინ მოხდა. ხედავთ წითელ მატერიას, რომელიც არის წყალბადისა და აზოტის აირი და წითელ მატერიას, რომელიც წარმოადგენს ვარსკვლავიდან გამოტყორცნილ მტვრის გროვებს.

ვარსკვლავიდან მომდინარე ვარსკვლავური ქარები წარმოუდგენლად სწრაფად უბერავს, დაახლოებით 1 მილიონი კმ/სთ სიჩქარით, თანდათანობით ეჯახება წრიულად შემოხვეულ მატერიას და ის კოსმოსში გააქვს. სურათის მარცხენა მაღლითა ნაწილში ხედავთ უფრო გაშლილ წითელ ზონას, რომელშიც ვარსკვლავური ქარი უკვე გავლილია.

თავკომბალას მსგავსი ლურჯი ფორმები მტვრის ის გროვებია, რომლებიც ქარებმა სპეციფიკურად გამოძერწა. ამ ყველაფერს ასე დეტალურად ჰაბლის სიმძლავრისა და მისი დედამიწის ატმოსფეროს გარეთ მდებარეობის დამსახურებით ვხედავთ.

ჰაბლი,გიგანტური ვარსკვლავი,ვარსკვლავის აფეთქება

კაშკაშა ცისფერი ცვალებადი ვარსკვლავის სიცოცხლის განმავლობაში ასეთი აფეთქება რამდენჯერმე ხდება; მეცნიერთა შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გემის ხერხემლის AG-მა ჩვენი მზის მასაზე დაახლოებით ათჯერ მეტი მატერია გამოტყორცნა.

ასეთი შთამბეჭდავი სანახაობა ხდება მაშინ, როდესაც ვარსკვლავი განადგურების პირასაა — მოიშორებს მთელ გარე ფენებს, კვლავ შეიკუმშება და გარკვეული ხნის განმავლობაში დასტაბილურდება. ამ ტიპის ვარსკვლავები მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ცოცხლობენ. შედარებისათვის გეტყვით, რომ ჩვენი მზის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 მილიარდი წელიწადია.

„ამ ტიპის ვარსკვლავებს იმიტომ ვსწავლობ, რომ მოჯადოებული ვარ მათი არასტაბილურობით“, — ამბობს გერმანიის რურის უნივერსიტეტის ასტრონომი კერსტინ ვაისი.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისადმი კაცობრიობას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. 1990 წლის 24 აპრილიდან დღემდე, მან დაახლოებით 48 000 კოსმოსურ ობიექტს ჩაუტარა 1,5 მილიონზე მეტი დაკვირვება.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.