გიგა ბოკერია - დავით კირკიტაძის შემთხვევა იყო შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების დემონსტრირება
გიგა ბოკერია - დავით კირკიტაძის შემთხვევა იყო შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების დემონსტრირება

დავით კირკიტაძის შემთხვევა იყო შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების დემონსტრირება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ამასთან, გიგა ბოკერიას განცხადებით, კირკიტაძის შემთხვევა იყო პოლიციის უკანონო ქმედებაზე რეაქციისას დაშვებული ცუდი ინციდენტი პოლიციის მიმართ, რომელსაც მხარს არ უჭერს.

„დავით კირკიტაძის გადასაწყვეტია, რას იტყვის. მისი შემთხვევა, როცა ციხეში იჯდა, იყო შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების დემონსტრირება, რადგან მძიმე, ძალადობრივ დანაშაულებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების წარმომადგენლები დღესაც დაუსჯელები დადიან. ახალქალაქის ამბავი, რომელიც იყო მძიმე კრიმინალი, დღემდე გამოუძიებელია. დღისით, მზისით მოხდა ეს თავდასხმა, მაშინ, როდესაც კირკიტაძის შემთხვევა იყო ჩემი აზრით, პოლიციის უკანონო ქმედებაზე რეაქციისას დაშვებული ცუდი ინციდენტი პოლიციის მიმართ, რომელსაც მხარს არ ვუჭერ. როგორც კირკიტაძემ თვითონ თქვა ახლა. ამიტომ, მოხარული ვიქნები კირკიტაძის გათავისუფლების. მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის უტიფარი შერჩევითობა. ღია და მძიმე დანაშაულებზე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფიგურები წახალისებული და დაუსჯელია. ვგულისხმობ შემთხვევებს, სადაც მტკიცებულებები დღის სინათლეზე არსებობს ან საერთოდ გადაღებულია, ხოლო ოპონენტების შემთხვევაში, საკამათო ვითარებებშიც მძიმე ბრალდებების წაყენება ხდება ხოლმე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და არ არის გამორიცხული, მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.