გიგა ბოკერია - არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა
დღევანდელ ვითარებაში ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სამოქალაქო პროტესტს პარტიული კუთვნილების არმქონე აქტიური მოქალაქეები ჩაუდგნენ სათავეში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ფეისბუქში“ წერს.
მისივე მოსაზრებით, ასევე შესაძლებელია, ამ ფიგურების მონაწილეობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე ე.წ. ტექნიკური, დროებითი მთავრობა შეიქმნას და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაევალოს, მას შემდეგ, „რაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს მოარყევს“.
„მაგრამ ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია.
არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა. ეს ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს და არც საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
მოქალაქეთა ნებისმიერ ჯგუფს, ვისაც აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ქვეყნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, მოუწევს ამისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვება – პოლიტიკურ პარტიად/ერთეულად ქცევა და ხალხის დარწმუნება, რომ მათი ხედვა და უნარი ჭირდება ქვეყანას .
რაც მთავარია, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ჯერ ის ვითარება უნდა შევქმნათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების გარდაუვალ დათმობას შეეგუოს. ყველა პარტია და აქტიური სამოქალაქო ჯგუფი სწორედ ამ ამოცანას უნდა ემსახუროს.
ევროპული საქართველო სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – წერს გიგა ბოკერია „ფეისბუქში“.