გია კვარაცხელია - დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის ფინალი დაძაბული იქნება #1TVSPORT
გია კვარაცხელია - დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის ფინალი დაძაბული იქნება #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო ლიგის ლიდერის, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მთავარი მწვრთნელი გია კვარაცხელია საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ წელს მოქმედი ჩემპიონის, „ლანჩხუთის“ დამარცხებას იმედოვნებს.

„ჩემპიონატი რომ იწყებოდა, ჩვენი ისე გავძლიერდით, მჯეროდა, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტები ჩვენ და მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი“ ვიქნებოდით. ჩემი ვარაუდები სეზონმაც დაამტკიცა, ამ მატჩამდეც პირველ ადგილზე ვიყავით, „ლანჩხუთს“ 4 ქულით ვასწრებდით და ეს გამარჯვებაც არ გამკვირვებია. ფეხბურთელებს თამაშამდე ვეუბნებოდი, რომ აუტსაიდერებთან უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე უშუალო კონკურენტთან, რადგან ვიცოდი, რომ მოედანზე დიდი მოტივაციით გავიდოდნენ. პირველ ტაიმში გოგოებმა ყველაფერი ხუთიანზე შეასრულეს და 2:0 წავიყვანეთ. მე-2 ნახევარში ტაქტიკა შევცვალეთ და ეს 6-ქულიანი თამაში ლოგიკურ შედეგამდე მოვიყვანეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კვარაცხელია.

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი სეზონის დარჩენილ ნაწილსაც მაღალ დონეზე ჩაატარებს.

„ბოლო გოლი 4 ივნისს გასვლაზე ხობის „კოლხეთთან“ მოგებულ (4:1) მატჩში გავუშვით, რაც მოგებაზე არანაკლებ მახარებს, რადგან ძლიერი გუნდი დაცვიდან შენდება. რეგულარული სეზონის დასრულებამდე და საფინალო ოთხეულის მატჩებამდე 3 ტური დარჩა და 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ზედა 4-ში „სამეგრელოსა“ და „ლანჩხუთის“ გარდა, სოხუმის „დინამო“ და ხობის „კოლხეთი“ მოხვდებიან. მერე ზედა ოთხეულში გუნდების თამაშებია და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის ფინალი დაძაბული იქნება. მიმაჩნია, რომ პირველობისთვის ბრძოლაში „სამეგრელოს“ კონკურენტი „ლანჩხუთია“, მაგრამ ხობის „კოლხეთიც“ ძალიან კარგი გუნდია“.

შეგახსენებთ, რომ მე-11 ტურში ლიდერების შეხვედრაში პირველადგილოსანმა „სამეგრელომ“ მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი“ 2:0 დაამარცხა. ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე დაპირისპირებას ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. „სამეგრელომ“ 11 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა და „ლანჩხუთს“ უკვე 7 ქულით ასწრებს.