ღია საზოგადოების ფონდში ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა
ღია საზოგადოების ფონდში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, სააპელაციო სასამართლო გადახედავს საქმეს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მოვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ გადახედოს საქმეს და პატიმრობა შეუცვალოს სხვა ტიპის აღკვეთის ღონისძიებით. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. ცოტა ხნის წინ ჩატარდა სასამართლო, რომლითაც ბეჟანს შეეფარდა პატიმრობა. ვფიქრობ, რომ ეს პატიმრობა არის სრულიად უსაფუძვლო, არასაჭირო და არა აუცილებელი, რადგან ბეჟანი არის პიროვნება, რომელიც არასოდეს დაემალება მართლმსაჯულებას და ითანამშრომლებს გამოძიებასთან. აქ შეკრებილი საზოგადოების მოთხოვნაა, როგორმე ხმა მივაწვდინოთ სააპელაციო სასამართლოს“, – განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, „ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძემ.
ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს შეუფარდა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.