ადვოკატი - ბეჟან ლორთქიფანიძე ძალადობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის აქციაზე იყო
ადვოკატი - ბეჟან ლორთქიფანიძე ძალადობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის აქციაზე იყო

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე ძალადობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის აქციაზე იყო, – ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ლორთქიფანიძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

„ის აპროტესტებს 20 ივნისს გავრილოვის ჩამოსვლას საქართველოში, მაგრამ მისი თვითმიზანი არ ყოფილა, რომ ეძალადა პოლიციელებზე ან სახელმწიფო ინსტიტუტზე. როგორც მან თქვა, ფარით ხელში იცავდა მომიტინგეებს, ვინც დაზიანებები მიიღეს. მანაც მიიღო დაზიანება, რეზინის ტყვია შუბლში მოხვდა. ამბობს, რომ ჯგუფურ ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა და პოლიციელებისთვის დაზიანებები არ მიუყენებია”, – განაცხადა გელხაურმა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ოთხი პირი დააკავა.