ადვოკატი სააპელაციო სასამართლოსგან ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლებას მოითხოვს
ადვოკატი სააპელაციო სასამართლოსგან ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლებას მოითხოვს

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი გიორგი გელხაური თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

ადვოკატი გიორგი გელხაური მიიჩნევს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ, რადგან მას არც მოწმეებზე შეეძლო ზემოქმედება, არც მიიმალებოდა და ახალ დანაშაულსაც არ ჩაიდენდა. გელხაურის თქმით, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ბეჟან ლორთქიფანიძეს ხელში სამართალდამცველების ფარი უჭირავს, არსად ჩანს, საიდან ჰქონდა მას ეს ფარი და რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს შეუფარდა. ოთხივე პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზეა დაკავებული.