ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერებმა სააპელაციო სასამართლოში პეტიცია წარადგინეს
ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერებმა სააპელაციო სასამართლოში პეტიცია წარადგინეს

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით, მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში პეტიცია წარადგინეს. სულ ელექტრონულ პეტიციაზე ერთი დღის განმავლობაში 1 800-მდე ხელმოწერა შეგროვდა.

ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლის ეკა ჯანიანის განმარტებით, ოჯახი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი განმარტებით, ბეჟან ლორთქიფანიძე უკანონო პატიმრობაშია.

„შევიტანეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში და არ გვაქვს მოლოდინი, რომ განხილული იქნება ჩვენი საჩივარი, შესაბამისად, დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება და ერთ დღეში 1 700-ზე მეტი მხარდამჭერი მოვიპოვეთ. ეს პეტიცია დღეს შევიდა სააპელაციო სასამართლოში და მოვითხოვთ ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლებას. არ ვეთანხმებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. უსაფუძვლო, უკანონოა და ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს პრინციპებს წინასწარ პატიმრობაში აყვანასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ჩვენი საჩივარი განიხილონ და გათავისუფლდეს ბეჟან ლორთქიფანიძე უკანონო პატიმრობიდან“, – განაცხადა ეკა ჯაიანმა.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაშვებობაზე მსჯელობს.

მისივე თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და მოხდეს საქმის ზეპირი განხილვა.

„გავასაჩივრეთ მოსამართლე ჩახნაშვილის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდა პატიმრობა. წარვადგინეთ პეტიცია. 2 000-მდე ხელმოწერაა, რომელიც ეთანხმება ჩვენს სააპელაციო საჩივარს. ჩვენი სააპელაციო საჩივარი განხილვის ეტაპზეა“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს შეუფარდა. ოთხივე პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზეა დაკავებული.