ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 
ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეიცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ადვოკატებმა პროკურატურას ბეჟან ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინეს.

„შსს მიერ წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმები, არ უარვყოფ, რომ იქ ვიყავი და შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ნამდვილად მე ვარ, თუმცა ინტერპრეტაცია, რასაც სამინისტრო და პროკურატურა აკეთებენ, შორს არის სიმართლისგან, ამიტომ ბრძოლა გრძელდება. ახლა გამომიშვეს, გირაოს სახით 5 ათასი ლარი შემიფარდეს, მაგრამ სექტემბერში იქნება პროცესი და ბრძოლა გრძელდება სიმართლის დასამტკიცებლად.  წარდგენილ ბრალდებას არ ვაღიარებ“, – აცხადებს ბეჟან ლორთქიფანიძე.

ბეჟან ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. ლორთქიფანიძე და კიდევ სამი პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით, მხარდამჭერებმა და მისმა ოჯახის წევრებმა 31 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში პეტიცია წარადგინეს.