ღაზას სექტორის საზღვარზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის მორიგი შეტაკების დროს 1 100 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მედიკოსების ინფორმაციით, 82 ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული, 800-ზე მეტი კი ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად დაშავდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორის საზღვარზე ექვს ადგილზე 10 ათასამდე პალესტინელი შეიკრიბა.
პალესტინელებმა მრავალდღიანი აქცია – „დაბრუნების მარში“ 30 მარტს დაიწყეს. ისრაელისა და ღაზას საზღვრის გასწვრივ აქციის მონაწილეებისთვის კარვების ხუთი ქალაქია მოწყობილი. აქცია ღაზას სექტორის საზღვართან აღმართულ მავთულხლართებთან იმართება. პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რომელსაც პალესტინური მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.