გერმანია თავის მე-1000 მატჩში 1:3-დან გადაურჩა უკრაინასთან წაგებას #1TVSPORT
გერმანია თავის მე-1000 მატჩში 1:3-დან გადაურჩა უკრაინასთან წაგებას #1TVSPORT

გერმანიის ნაკრებმა ბრემენში ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა უკრაინის ნაკრებს და 1:3-დან შეძლო შეხვედრის ფრედ დასრულება – 3:3. ეს იყო გერმანიის ნაკრების ისტორიაში საიუბილეო, მე-1000 მატჩი.

გერმანიამ აქტიურად დაიწყო და ნიკლას ფიულკრუგმა მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა პირველი ტაიმი უკრაინამ მოიგო – მე-18 წუთზე ჯერ ციგანკოვმა გაათანაბრა, 23-ე წუთზე კი მუდრიკის აქტიურობას რიუდიგერის ავტოგოლი მოჰყვა.

უკრაინის მოგება რეალური გახდა 56-ე წუთზე, როცა ესპანური „ჟირონას“ ფეხბურთელმა, ციგანკოვმა დოვბიკის პასით დუბლი შეასრულა.

გერმანია საიუბილეო მატჩში წაგებას ჰავერტცმა გადაარჩინა – მან ჯერ 83-ე წუთზე თავად გაიტანა, 90-ე წუთზე კი პენალტი მოუტანა მასპინძლებს, რომელიც კიმიხმა გამოიყენა.

ასე რომ, გერმანიამ თავისი მე-1000 შეხვედრა ფრედ დაასრულა. ბუნდესნაკრებს 578 მოგება, 207 ფრე და 214 წაგება აქვს.

გერმანიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ტრაპი, რიუდიგერი, გინტერი, შლოტერბეკი (კლოსტერმანი, 46), რაუმი (ჰენრიხსი, 71), ვოლფი (ჰოფმანი, 62), გორეტცკა (მუსიალა, 62), კიმიხი, ბრანდტი (ვირტცი, 71), სანე, ფიულკრუგი (ჰავერტცი, 46).